„ბლექ სი პეტროლიუმმა“ (BSP), რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს და მართავს, ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მესამე პარტია მიიღო. 28 ოქტომბერს SOCAR-ის კუთვნილ ყულევის შავი ზღვის ტერმინალში ტანკერი FRANKOPAN-ი შევიდა, რომელსაც დაახლოებით 86 ათასი ტონა ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი მიწოდება ადასტურებს, რომ ქარხანა ნედლი ნავთობის არარუსული წყაროებიდან მიღებას განაგრძობს. ლიბიური ნავთობის რეგულარული იმპორტი აგვისტოს ბოლოდან დაიწყო, ხოლო ნოემბერში BSP დამატებით პარტიებსაც ელოდება.
ნედლი ნავთობის მიწოდება BSP-სა და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. შეთანხმება 2027 წლის ბოლომდე მოქმედებს.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება 2026 წლის ივლისში დაიწყო. 23 აგვისტოდან კი საწარმო მთლიანად არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს იყენებს.
BSP-ის განცხადებით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკავშირის ბაზრისთვის ყოველთვიურად 100 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტის მიწოდებაა. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ევროკავშირში მოქმედი რეგულაციები და შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნები.
ევროპულ ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად კომპანიამ 15 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ოფისიც გახსნა. BSP-ის განმარტებით, ახალი ოფისი ხელს შეუწყობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროპელ ბიზნესპარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაფართოებას










