მსოფლიო ბანკი: 2025 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდა შენელდება, თუმცა საქართველოს პროგნოზი გაუმჯობესებულია
მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდა 3%-ზე ოდნავ მაღალ დონემდე შენელდება.
დოკუმენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკურ ტენდენციებს ეხება.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 5.7%-იანი ზრდის შემდეგ, რეგიონში ზრდა 2025 წელს 3.7%-მდე შემცირდება, ხოლო 2026 წელს — 3.3%-მდე.
მსოფლიო ბანკი ამ დინამიკას აზერბაიჯანში ნავთობის წარმოების კლებასა და საქართველოსა და სომხეთში ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებას უკავშირებს.
მიუხედავად რეგიონის საერთო შენელებისა, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი გაუმჯობესდა —
ფინანსურმა ინსტიტუტმა 2025 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს ზრდის მოლოდინი 1.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ახლა 7%-იან ზრდას პროგნოზირებს.
სომხეთისთვის მოსალოდნელია 5.2%-იანი ზრდა (პროგნოზის გაუმჯობესება 1.2 პუნქტით),
ხოლო აზერბაიჯანისთვის — 1.9%-იანი ზრდა (პროგნოზის გაუარესება 0.7 პუნქტით).
მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზები რეგიონების მიხედვით ასეთია:
- საქართველო – 7.0% (+1.5 პ.პ)
- სომხეთი – 5.2% (+1.2 პ.პ)
- აზერბაიჯანი – 1.9% (−0.7 პ.პ)
- რუსეთი – 0.9% (−0.5 პ.პ)
- თურქეთი – 3.5% (+0.4 პ.პ)
- ყაზახეთი – 5.5% (+1.0 პ.პ)
- უზბეკეთი – 6.2% (+0.6 პ.პ)
- უკრაინა – 2.0% (პროგნოზი უცვლელია)








