საქართველოს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია — 5.6 მილიარდ დოლარს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა თვესთან შედარებით 200 მილიონით მეტია და ქვეყნისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ეროვნული ბანკი ოქტომბრის მონაცემებს ოფიციალურად 7 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ეკონომიკის ზრდა სექტემბერში 6.4%-ს შეადგინა
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო ზრდა 7.7% იყო.
დადებითი ტენდენცია შეინიშნებოდა მრეწველობაში, ტრანსპორტსა და IT სექტორში, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და ენერგეტიკაში.
„სილქ როუდ ჯგუფმა“ $400 მილიონიანი ევრობონდი განათავსა
კომპანიამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი კორპორაციული ობლიგაცია გამოუშვა — 5-წლიანი ფასიანი ქაღალდი 7.5%-იანი კუპონით.
ინვესტორებს შორის არიან J.P. Morgan და UBS.
გიორგი რამიშვილის თქმით, ობლიგაციაზე მოთხოვნა სამჯერ აღემატებოდა მის მოცულობას, რაც საქართველოს მიმართ ინვესტორთა მაღალ ინტერესს აჩვენებს.
ბანკების მოგება 9 თვეში 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია
კომერციულმა ბანკებმა იანვარ-სექტემბერში 2.4 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს — ეს წინა წელზე 4.6%-ით მეტია.
ყველაზე მომგებიანი ბანკია „საქართველოს ბანკი“ (1.2 მლრდ ლარი), შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“ (904 მლნ) და „ლიბერთი ბანკი“ (94.5 მლნ).
საბანკო სექტორში სესხები და დეპოზიტები გაიზარდა
სესხების საერთო მოცულობამ 67.5 მილიარდი ლარი შეადგინა — თვეში 760 მილიონით მეტი.
დეპოზიტები 4%-ით, ანუ 2.6 მილიარდით გაიზარდა და 65.6 მილიარდ ლარს მიაღწია.
Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების მყიდველი შესაძლოა Gunvor Group გახდეს
რუსული Lukoil-ი განიხილავს თავისი საერთაშორისო აქტივების გაყიდვას შვეიცარიულ-კვიპროსულ კომპანიაზე Gunvor Group, რომელიც ნავთობით ვაჭრობს. გარიგების ფასი ჯერ არ ხმაურდება.
სახელმწიფო ტენდერებში ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული ამოქმედდება
მთავრობა ტენდერების პროცესში ახალ სისტემას აამოქმედებს, რომელიც ფასების განსაზღვრას ბაზრის კვლევის მეშვეობით გაამარტივებს.
ახალი მოდული 40 000-მდე კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ბაზრის კვლევაში.
ინფრასტრუქტურულ პროექტებში შეფერხებები ფიქსირდება
მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ გზების დეპარტამენტის 135 პროექტიდან 122 ერთხელ მაინც გადავადდა, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 პროექტიდან 161 პრობლემურია — ხშირია დაგვიანება და ხარისხის საკითხები.
ინფრასტრუქტურის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს
გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, სადაც კომპანიას დაუსაბუთებელი ავანსები გადაეცა.
შემოსავლების სამსახურის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე ბრალდებულია არალეგალური ალკოჰოლის მფარველობაში
პროკურატურის ინფორმაციით, იგი ხელს უწყობდა არალეგალური ალკოჰოლის წარმოებას გორში.
კურორტების განვითარების სააგენტო ტურიზმის ადმინისტრაციას უერთდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტო 2026 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და შევა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემადგენლობაში.
„ამბასადორი აილენდ ბათუმში“ პირველი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა იწყება
კომპანიამ მიიღო ნებართვა ხელოვნურ კუნძულზე კომპლექსის ასაშენებლად, რომელიც საცხოვრებელ, სასტუმრო და გართობის სივრცეებს მოიცავს.
მთავრობა და ბიზნესი განათლების რეფორმაზე ერთობლივად იმუშავებენ
პრემიერმა, განათლების და ეკონომიკის მინისტრებმა ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მომავალში უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღება შრომის ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით განისაზღვრება, რომელიც კერძო სექტორის ჩართულობით მომზადდება.








